ჩემი ნაშრომები კიბერუსაფრთხოების ბიუროს საიტზე

რამდენიმე ხნის წინ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს საიტზე აღმოვაჩინე, რომ ესტონეთში კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნაშრომები უდევთ.

იგივე პროგრამაზე სწავლისას, ჩემს მიერ დაწერილი ნაშრომები გავუგზავნე და ისინიც გამოაქვეყნეს.

მადლობა კიბერუსაფრთხოების ბიუროს!

ონლაინ თავისუფლება მსოფლიოში 2011

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House–მა გამოაქვეყნა ახალი კვლევა მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ. კვლევა ეყრდნობა 2010 წლის მონაცემებს და როგორც სათაურიდან მიხვდით, აანალიზებს მსოფლიოში ინტერნეტისა და ციფრული მედიის თავისუფლებას.

37 ქვეყნის ციფრული სივრცის გაანალიზების შემდეგ, Freedom House მივიდა დასკვნამდე, რომ კიბერსივრცეში თავისუფლება მცირდება. ინტერნეტი, რომელიც ათწლეულების მანძილზე თავისუფლებისა და რეალობისგან მოწყვეტის საშუალებად ითვლებოდა, კონტროლს ექვემდებარება. 2010 წელს ონლაინ–თავისუფლებისთვის მთავარი საფრთხეები კიბერშეტევები, პოლიტიკური ცენზურა და მთავრობის მიერ როგორც ხისტი (hardware), რბილი (software/content) ინფრასტრუქტურის კონტროლის მცდელობა იყო.

რაპორტის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ზოგადი სურათის გაუარესება ნახევრად თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებში კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება.

ინდექსირების კრიტერიუმებია:

  • ინტერნეტსა და ციფრულ მედიასთან წვდომის სიადვილე – ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ბარიერების არსებობა; მთავრობის მცდელობა დაბლოკოს გარკვეული ტექნოლოგიები/აპლიკაციები; ინტერნეტ–ტექნოლოგიებისა და მობილური ოპერატორების სამარლებრივი და რეგულატორული კონტროლი. (შეფასების შკალა 0–25)
  • კონტენტთან დაკავშირებული შეზღუდვები – ვებ–საიტების ფილტრაცია და დახურვა; ცენზურის სხვა ფორმები თვით–ცენზურის ჩათვლით; კონტენტით მანიპულაცია; ციფრული მედიის მრავალფეროვნება; ციფრული მედიის როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. (შეფასების შკალა 0–35)
  • მომხმარებელთა უფლებების დარღვევა – ონლაინ–აქტივიზმის სამართლებრივი შეზღუდვები; კიბერ0სივრცის დაზვერვა და მონიტორინგი; პირად ცხოვრებაში ჩარევა; რეაქცია ონლაინ–აქტივიზმზე, სამართლებრივი დევნის, დაპატიმრების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჩაგვრის სხვა ფორმების ჩათვლით. (შეფასების შკალა 0–40)

ინდექსი შეფასების შკალა 0–100 შორისაა. დაბალი ინდექსი მეტ თავისუფლებას აღნიშნავს.

პირველ ადგილზე გავიდა ევროპის IT ცენტრი – ესტონეთი, რომელმაც ჯამში 10 ქულა მიიღო (წვდომის სიადვილე – 2; კონტენტის შეზღუდვა – 2; უფლებების დარღვევა – 6).

საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგში მოხვდა 35 ქულით (12; 10; 13).

არათავისუფალი ქვეყნების სიას ტაილანდი ხსნის 61 ქულით (12; 23; 26) და ირანი ამთავრებს – 89 (21; 29; 39).

ქვეყნების სრული ჩამონათვალი

Freedom House–მა აგრეთვე გამოთვალა, რომელ ქვეყნებშია მოსალოდნელი სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესება 2011 წელს – იორდანია, რუსეთი, ტაილანდი, ვენესუელა, ზიმბაბვე.

2010 წლის ინტერნეტსა და ციფრული მედიის სფეროში შეინიშნებოდა შემდეგი ტენდენციები:

  • სოციალური ქსელების პოპულარიზაციას ზრდას დაუპირისპირდა ცენზურის გამკაცრება
  • გახშირდა ბლოგერებისა და ჩვეულებრივი (რომლებიც არ გამოირჩეოდნენ ონლაინ–აქტივიზმით) მომხმარებლების დაპატიმრება
  • პოლიტიკური რეჟიმების მოწინააღმდეგეთა მიმართ გახშირდა კიბერშეტევები
  • გაიზარდა პოლიტიკური ცენზურა და პოლიტიკური მოტივით კონტენტით მანიპულაცია
  • მთავრობები ცდილობენ ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ცენტრალიზაციას წვდომის შეზღუდვის მიზნით

სხვა დაკვირვებები:

  • ჩინეთს ინტერნეტ–კონტროლის ყველაზე რთული და მრავალფეროვანი სისტემა გააჩნია
  • 2009 წლის ზაფხულში საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო ვნებათაღელვის შემდეგ, ირანმა პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ინტერნეტ–თავისუფლებას: მტავრობა სპეციალურად ანელებს ინტერნეტის სიჩქარეს, მათი ჰაკერები ანადგურებენ ადგილობრივ ბლოგებსა და არასასურველ ვებ–გვერდებს, აქტივისტების უმრავლესობა დააპატიმრეს, მინიმუმ ერთი მათგანი საპატიმროში გარდაიცვალა
  • პაკისტანში სპეციალური სამინისტროთაშორისი კომიტეტი შეიქმნა, რომელმაც ბუნდოვანი მიზეზებით საეჭვო საიტებთან წვდომა უნდა აკრძალოს
  • ამერიკა (რომელიც ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა) კიბერ–სივრცეშიც რჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად, თუმცა მის ზოგიერთ რეგიონში არ არის დანერგილი უახლესი ინტერნეტ–ინფრასტრუქტურა. ამას გარდა, მთავრობა ფლობს უზარმაზარ რესურსებს ონლაინ–სივრცის დაზვერვისთვის, თუმცა არ არსებობს სანდო მონაცემები მათი ბოროტად გამოყენების შესახებ.