როგორ უშლიან ამერიკული კომპანიები NSA-ს და FBI-ს ნერვებს

როდესაც ამერიკაში სამთავრობო უწყებები კანონიერად თუ უკანონოდ ითხოვენ თანამშრომლობას თუ გარკვეულ ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიებისგან, იქვე აყოლებენ, რომ ამ თანამშრომლობაზე საზოგადოებამ არაფერი უნდა იცოდეს.

უფრო კონკრეტულად, ამერიკულ კომპანიებს არ შეუძლია გაასაჯაროონ, რამდენი მოთხოვნა მიიღეს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე ან საერთოდ მიიღეს თუ არა მოთხოვნა.

თუმცა გამოსავალი მარტივი აღმოჩნდა და პირველად ის ერთ-ერთმა ბიბლიოთეკარმა გამოიყენა. 2004 წელს FBI-მ ამერიკის ბიბლიოთეკებს მოთხოვა მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი წიგნების შესახებ ინფორმაციის გაცემა და ამასთანავე აუკრძალა ამის შესახებ მომხმარებლები გაეფრთხილებინა. ერთ-ერთმა ბიბლიოთეკარმა, ჯესამინ ვესტმა კი ბიბლიოთეკაში გამოაკრა აბრა წარწერით “FBI აქ არ ყოფილა“. იურიდიული დოკუმენტი ბიბლიოთეკებს უკრძალავდა მომხმარებლებისთვის ეთქვათ, რომ FBI-მ მათგან ინფორმაცია მოითხოვა. თუმცა არაფერი კრძალავდა იმის აღნიშვნას, რომ FBI-ს ჯერ თანამშრომლობაზე არ მიუმართავს. შესაბამისად, თუ FBI მიადგებოდა ბიბლიოთეკას, ვესტი ჩამოხსნიდა აბრას და მიანიშნებდა მომხმარებლებს, რომ FBI-მ რაღაც ინფორმაცია გამოითხოვა 🙂

image_416ამ ხრიკს (რომელსაც Warrant Canary * ეწოდება) ტექნოლოგიური კომპანიები, ვისაც მრავალი მომხმარებლის მონაცემებზე მიუწვდება ხელი, წარმატებით იყენებენ. ისინი აქვეყნებენ თავიანთი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო და სადაზვერვო უწყებებიდან თანამშრომლობის მოთხოვნა არ მისვლიათ. ანგარიშიდან ამ ფრაზის გაქრობა კი ჟურნალისტებისა და მათი მომხმარებლებისთვის მინიშნებაა.

ბოლო ასეთი შემთხვევა იყო Reddit, რომელსაც საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში. ვარაუდობენ, რომ სამთავრობო სააგენტოები ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას ეცდებიან და კანონში მეტი დაკონკრეტების ჩადებას მოითხოვენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მარტივი ხრიკი მუშაობს.

* საინტერესოა სიტყვა Canary-ს (რაც კანარის ჩიტს ნიშნავს) გამოყენება ინფორმაციულ უსაფრთხოებაში სხვადასხვა კონტექსტში. ძველად მაღაროელებს მიწის ქვეშ კანარის ჩიტები ჩაჰყავდათ. ჰაერში ჟანგბადის რაოდენობის ცვლილებაზე ჩიტები სწრაფად რეაგირებდნენ და იღუპებოდნენ, მაღაროელები კი ხვდებოდნენ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე ამოდიოდნენ მიწის ზედაპირზე. “კანარის ჩიტი” დამკვიდრდა რაიმე არასასურველი მოვლენის გამაფრთხილებლის მნიშვნელობით.