ბოქლომი

მგზავრობისას ბარგს ბოქლომით იცავთ და გიჭირთ 3 ან 4 ციფრიანი კოდის დამახსოვრება?

სწორედ თქვენთვის ახალი ბოქლომი შექმნეს! მასზე შეგიძლიათ დააყენოთ თარიღი. მაგალითად, თქვენი დაბადების დღე, რომელსაც აეროპორტის პერსონალი თქვენი პასპორტიდან გაიგებს, თქვენი დაქორწინების თარიღი, რომელიც ფეისბუქის public პროფილზე გიწერიათ ან გამგზავრების დღის თარიღი, რომელსაც ნებისმიერი გამვლელი მიხვდება 😀

P.S. ამავე დროს არ დაგავიწყდეთ, ყველაზე ძვირფასი ნივთები ამ ბოქლომით დაცულ ჩემოდანში ჩაალაგოთ 🙂

Birthday Lock

P.S.S. მარტივი ანალიზი და შედარება 4-ციფრიან ბოქლომთან:

4 ციფრიან ბოქლომზე შეიძლება 10,000 სხვადასხვა კომბინაციის დაყენება (0000-დან 9999-ის ჩათვლით).

ამ ბოქლომზე შეიძლება დაყენდეს 48,000 სხვადასხვა თარიღი (მარცხნიდან პირველზე არის 4 ვარიანტი (0,1,2,3), მეორეზე – 10, მესამეზე – 12 (თვეები), მომდევნო 2-ზე კი 10-10; შესაბამისად: 4x10x12x4x10=48,000)

ერთი შეხედვით, თარიღიანი ბოქლომი უფრო “უსაფრთხო” ჩანს, თუ ჩავთვლით, რომ მასზე დადებული კოდი იქნება random და შესაძლებელი იქნება ავირჩიოთ 30 თებერვალი და 35 მაისი (ამის შესაძლებლობას იძლევა ბოქლომი).

თუმცა პრაქტიკაში, უფრო რთულად არის საქმე. დაბადების დღეზე დაფუძნებული კოდზე გაცილებით მეტი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ბოქლომის პატრონის ელემენტარული “დაგუგლვით”.

გარდა ამისა, დაბადების დღიანი ბოქლომის კოდი შედგება სხვადასხვა სიძლიერის ნაწილისგან და ერთი რომელიმე მათგანის გამოცნობამ შესაძლებელია ძლიერ შეამციროს ვარიანტების რაოდენობა. მაგალითად, მხოლოდ იმის გაგებით, რომელი თვეა არჩეული, შესაძლო ვარიანტები 48,000/12=4,000-მდე მცირდება (რაც 2.5-ჯერ ნაკლბია 4-ციფრიანი კოდის შესაძლო ვარიანტებზე).

თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანები საკუთარი და ოჯახის დაბადების დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების (რისი ნახვაც მათი სოციალური ქსელების პროფილებში იქნება შესაძლებელი) დაყენებისკენ არიან მიდრეკილი და ასევე სავარაუდოდ არ აირჩევენ არარსებულ თარიღებს (მაგალითად, 38 აგვისტოს), შესაძლოა ვარიანტების რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება. სავარაუდოდ, კვლევის ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რაიმე ტენდენციის აღმოჩენა ათწლეულების არჩევაშიც.

შეიძლება ეს ბოქლომი საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ნებისმიერმა გამვლელმა არ სცადოს ჩემოდნის გაღება. მეორეს მხრივ კი კარგი მაგალითია უსაფრთხოების სისტემებისა და მათი დიზაინის კონკრეტულ კონტექსტში განხილვისა და დისკუსიისთვის. საბოლოო ჯამში კი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ახდენს გავლენას ადამიანი უსაფრთხოებაზე და ზოგადად ტექნოლოგიებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *